შპს ,,ბათუმის წყალი“-ს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს სასმელი წყლის მონიტორინგს
შპს ,,ბათუმის წყალი“-ს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლსა და მონიტორინგს - წყალმომარაგების სათავე ნაგებობებზე, წყალმომარაგების რეზერვუარებში, ქალაქის წყალსადენის ქსელში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, შადრევნებზე, ჩიხურ მონაკვეთებში, სანაპირო ზოლზე არსებულ ობიექტებზე.
,,ბათუმის წყალი“ წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნილოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, პირველად დაქლორვას, ფილტრაციას, მეორად დაქლორვას და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.
წყლის დაქლორვის პროცესის უსაფრთხო სისტემაზე გადაყვანის მიზნით შპს ,,ბათუმის წყალმა“ გაზი ქლორი, თხევადი ნატრიუმის ჰიპოქლორიტით შეცვალა, რომლის წარმოება ადგილზე სათავე ნაგებობებსა თუ რეზერვუარებში ხდება.
ბათუმში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს.
,,ბათუმის წყალი“-ს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე მეთოდებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ -ერთი საუკეთესოა საქართველოში. ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, სადაც სხვა მეთოდებთან ერთად, დანერგილია ქიმიური (HACH lange) და მიკრობიოლოგიური (IDEXX) მეთოდები, რომელიც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს ვადაში დავდოთ ინფორმაცია წყლის ხარისხის შესახებ. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით.